ჟურნალი ნომერი 1 ∘ გიორგი ლომსაძე გიორგი მთაწმიდელის „თუენისა“ და ანტონ კათალიკოსის „სადღესასწაულოს“ მიმართების საკითხი (სექტემბრის საკითხავების მიხედვით)
გიორგი მთაწმიდელის „თუენისა“ და ანტონ კათალიკოსის „სადღესასწაულოს“ მიმართების საკითხი (სექტემბრის საკითხავების მიხედვით)
ქრისტიანობაში მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს ევქარისტიის საიდუმლოს, რომელიც აღესრულება საღვთო ლიტურგიის რიტუალის მეშვეობით. ევქარისტიის, როგორც საღვთო ხორცსა და სისხლთან ზიარების დაწესება მოხდა თავად იესო ქრისტეს მიერ: "... უკუეთუ არა სჭამოთ ჴორცი ძისა კაცისაჲ და სუათ სისხლი მისი, არა გაქუნდეს ცხორებაჲ თავთა შორის თქუენთა" [იოანე. 6:53]. შესაბამისად, ევქარისტიული რიტუალი დასაბამს იღებს პირველი საუკუნიდან და ქრისტიანობის მიხედვით ის უნდა აღესრულებოდეს უფალი "... ვიდრემდის მოვიდეს" [1 კორ. 11: 26]. საუკუნეთა მანძილზე იცვლებოდა ლიტურგიული ელემენტები, ყალიბდებოდა მისი, როგორც რიტუალის, ფორმა ისე, როგორც ამას პრაქტიკული თავისებურებები მოითხოვდა. სწორედ ამიტომ შეიქმნა იაკობის, მარკოზისა და პეტრე მოციქულების, ბასილი დიდის, გრიგოლ დიოლოღოსისა და იოანე ოქროპირის ლიტურგიები [კეკელიძე, 1980: 580], რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავდება ხანგრძლივობის მიხედვით. დროთა განმავლობაში იცვლებოდა მწუხრისა და ცისკრის საკითხავთა სტრუქტურა. ცვლილებები ხდებოდა განსხვავებული მოტივებით. ქართულ საეკლესიო პრაქტიკაში, ამ მხრივ, გამოიყოფა სამი პერიოდი. პირველ პერიოდში ლიტერგიკული ლიტერატურა იქმნებოდა აღმოსავლური, პალესტინური სალიტერატურო სკოლების გავლენით, მეორე პერიოდში დომინირებდა ათონის ლიტურგიკული პრაქტიკა, ხოლო მესამეში ქართულმა საღვთისმსახურო ლიტერატურამ მიიღო "რუსული ფიზიონომია" [კეკელიძე,1991:127]. დღევანდელობიდან გამომდინარე, განსაკუთრებით საინტერესოა ქართულ ლიტურგიკაზე რუსული გავლენების შესწავლა, რადგან საღვთისმსახურო კრებულებულთა უმეტესობა, რომლებიც დღეს გამოიყენება, რუსული კულტურის დომინირების პერიოდშია შედგენილი.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ლიტურგიკული წიგნია "თუენი". მასში მოთავსებულია სხვადასხვა წმინდანთა განგებები, მათდამი მიძღვნილი საგალობლები, ასევე სხვადასხვა არამოძრავ დღესასწაულზე (მირქმა, ჯვართამაღლება...) საკითხავი მუხლები. ტერმინი "თუენი" პირველად ჩნდება X საუკუნეში იელის იადგარში [ჯღამაია, 1966: 12]. აღსანიშნავია, რომ ეს ტერმინი შემოიტანა გიორგი მთაწმინდელმა [კეკელიძე, 1980: 596]. მან შექმნა "თუენი" დასრულებული სახით, შეიტანა ყველა იმდროინდელი წმინდანის ხსენება, შეკრიბა სხვადასხვა ავტორის მიერ დაწერილი საგალობლები [ჯღამაია, 1966: 13]. როგორც „სახარებისა“ და „ფსალმუნთა“ გიორგი მთაწმინდელისეულმა თარგმანებმა, ასევე „თუენმაც“ ქართულ ეკლესიაში ვულგატის სტატუსი მიიღო. XVIII საუკუნეში სლავურის მიხედვით შეიქმნა „თუენის“ ორი პარალელური რედაქცია - ანტონ კათალიკოსისა და დეკანოზ ალექსი მესხიშვილის [კეკელიძე, 1980: 598]. დღევანდელ საეკლესიო პრაქტიკაში გამოიყენება ანტონ კათალიკოსის მიერ შედგენილი „გამოკრებილი თუენი“ ანუ „სადღესასწაულო“. თავად ანტონი თავის მიერ შედგენილი „თუენის“ ბოლოსიტყვაობაში წერდა, რომ წმიდა მამათა სრული და ღირებული თარგმანები გაირყვნა და მის დროში „უხმარ იქმნა“, ამიტომ საჭიროდ ჩათვალა „სადღესასწაულოს“ გამართვა ახლებურად. ტექსტში განმარტავს, თუ რატომ შეუცვლია ზოგიერთი წმინდანის ხსენების თარიღი. როგორც ირკვევა, წმ. გიორგის ხსენება მისი ნაწილების ამოსვენებას დაამთხვია (27 ივნისს), რადგან 30 რიცხვში, მისი ხსენების ძველ თარიღზე, ემთხვეოდა 12 მოციქულის ხსენების დღე, წმ. გიორგის ხსენება სადიდებლით ვერ იმსახურებოდა, რამდენადაც მოციქულები უფრო მაღალ იერარქიას ეკუთვნიან. ანტონი აღნიშნავს, რომ თარგმანებს ეკიდებოდა დიდი პასუხისმგებლობით, ერიდებოდა უმნიშვნელო ცვლილებებსაც [კეკელიძე, 1957: 178-186].
კორნელი კეკელიძე ლიტურგიკული თვალსახრისით ანტონისეულ „სადღესასწაულოს“ არ მიიჩნევდა გამართულ რედაქციად. ამის არგუმენტად მოჰქონდა ის ფაქტი, რომ თარგმნა ანუ სლავურის მიხედვით შესწორება შეუსაბამო პრინციპებით ხდებოდა. კერძოდ, ანტონი ზემოთ ნახსენებ წინასიტყვაობაში წერდა: „ მართალ არს და ცხად, ვითარმედ ქართულისა კიდე ენაჲ არა ვიცი და ვერცაღა მივსწუ̂ჱთ ენასა სლავენურსა უმკუჱთრეს, და ნუ უკუ̂ჱ თქუ̂ას ვინმე, ვითარმედ თუ ვითარ გარდამოვიღე ესენი, მაგრამ უწყოდეს მან, ვითარმედ სლავენურისა თარგმანი მივანდევ გაბრიილს ხუცესსა, თარგმანსა ჩემსა, რომელმან დაღათუ არა უწყოდა ღრამმატიკა, არცა სლავენური და არცაღა ქართული, არამედ ღრამმატიკოსნი მყუ̂ჱს რუსნი კლირიკნი ეკლესიისა ჩემისანი, რომელთა ახლად დაესრულათ სკოლაჲ სინტაქსისა... და ოტეც გაბრიილ, პრეოდშჩიკი ჩემი, მეტყოდა რა ქართულად, დიდითა გამოძიებითა თითოსა ლექსსაცა ვკითხჳდი ღრამატიკოსთა მათ რუსთა, თუ რომლისა სიტყჳსა ნაწილი არს, და ეგრეთვე სიტყუასაცა უმკაცრეს, ვითარმედ სიტყუ̂ა ესე ვითარ შეთხზულ არს და რაჲ არს ჰაზრი მისი, და მათ მიერ გულის ხმავყოფდი, თარგმანებითა გაბრიილისათა, და ესრეთ დავსდებდი სიტყუ̂ათა, და სიტყუ̂ათა შინა ლექსთა“ [კეკელიძე, 1991: 128].
ბუნებრივია, შეიძლება გაჩნდეს განწყობა, რომ ანტონის „სადღესასწაულოს“ ტექსტში არის ბევრი ცვლილება. ფილოლოგიური თვალსაზრისით მართებული იქნება ანტონის რედაქციის დეტალურად შედარება გიორგი მთაწმინდელის, ასევე სლავურსა და ბერძნულ რედაქციებთან.
უნდა აღინიშნოს, რომ „სადღესასწაულოს“ ტექსტთან წვდომა არ არის პრობლემა, მაგრამ გიორგი მთაწმინდელის „თუენი“ შემონახულია ხელნაწერებით. კრიტიკული ტექსტი არის მხოლოდ სექტემბრის თვის საკითხავების [ ჯღამაია, 2007], ამიტომ მოცემული ორი რედაქციის შედარება შესაძლებელია სწორედ სექტემბრის თვის მაგალითზე.
ორივე რედაქციაში სხვადასხვა საკითხავი მუხლი ანუ დასდებელი დიფერენცირებულია შესაბამისი სათაურებით ( „უფალო ღაღადყავსა“, „ლიტიასა ზედა დასდებელი“ და ა.შ.). ამ რედაქციების ლიტურგიკული სტრუქტურის საჩვენებლად ერთეულებად აღებულია სწორედ ამგვარი სათაურები.
გიორგი მთაწმინდელისეულ რედაქციაში საკითხავი და საგალობელი მუხლები შემდეგი თანმიმდევრობითაა დალაგებული:
1) უფალო ღაღადყავსა;
2) სტიქარონნი ;
3) წარდგომაჲ (ღვთისმშობლისაჲს ჩათვლით);
4) საცისკრო გალობები ( უგალობდითსა (გალობა 1), განძლიერდასა (გალობა 3); მესმასა (გალობა 4); ღამითგანსა (გალობა 5); ღაღატყავსა (გალობა 6); კურთხეულარსა (გალობა 7); აკურთხევდითსა (გალობა 8); ადიდებდითსა (გალობა 9);
5) სხუანი გალობანი შეზავებულნი (ერთ დღეს ხსენებული რამდენიმე წმინდანის ან დღესასწაულის საცისკრო საგალობლები, რომლებიც პრაქტიკული თვალსაზრისით ამოკრებილადაა ერთად მოცემული);
6) ოხითანი („თუენის ბოლოში დართული დამატება 1);
7) სტიქარონნი („თუენის“ ბოლოში დართული დამატება 2).
ანტონ კათალიკოსის „სადღესასწაულოში“ ვხვდებით შემდეგი ერთეულების თანმიმდევრობას:
1) უფალო ღაღად-ვჰყავსა ზედა დასდებელი;
2) * საწინასწარმეტყველო;
3) * ლიტანიასა ზედა დასდებელი;
4) სტიქარონსა ზედა დასდებელი;
5) ტროპარი (მოიცავს დიდებისა და აწდას მუხლებსაც);
6) წარდგომა შემდგომად I და II ფსალმუნებისა (იგივე სტიხოლოღიისა);
7) * წარდგომა შემდგომად სადიდებელისა;
8) მითითებები საცისკრო სახარების წარდგომისა და წასაკითხი სახარების შესახებ;
9) შემდგომად 50-ე ფსალმუნისა (უმეტესწილად მითითებაა იმ მუხლებზე, რომლებიც ყოველთვის იკითხება ამ მონაკვეთში და წერია „ჟამნში“, ხოლო თუ განსხვავებული შემთხვევაა თავად მუხლებია მოცემული, რომლებსაც აბოლოებს *გერი დღესასწაულისა );
10) საცისკრო გალობები (გალობა 1, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9);
11) წარდგომა (წერია გალობა 3- ის შემდეგ) ;
12) კონდაკი და იკოსი (წერია გალობა 6-ის შემდეგ) ;
13) განმანათლებელი;
14) აქებდითსა ზედა დასდებელი;
15) მარკოზის თავები (მითითებები „დიდება მაღალიანის“ გრძლად ან მოკლედ გალობის, ასევე საღმრთო ლიტურღიისას ჩასართავი საკითხავების შესახებ).
როგორც ვხედავთ, გიორგი მთაწმინდელის რედაქციაში პირობითად გამოიყოფა უფრო ნაკლები ერთეული ანუ დასათაურება, ვიდრე ანტონ კათალიკოსის „სადღესასწაულოში“. მიუხედავად ამისა, „თუენში“ რაოდენობრივად უფრო მეტი საკითხავი მასალა ანუ ტროპარია მოცემული, ვიდრე „სადღესასწაულოში“. აღსანიშნავია, რომ გიორგი მთაწმინდელისა და ანტონ I-ის რედაქციები ერთმანეთისგან განსხვავებულია სტრუქტურული თვალსაზრისით. შეიძლება ითქვას, რომ ისინი ეკუთვნის სხვადასხვა ლიტურგიკულ სინქრონიას. „სადღესასწაულოში“ შესული ტექსტების უმეტესობა გვხვდება გიორგი მთაწმინდელთან, მაგრამ არის უფრო ნაკლები რაოდენობრივად. ზოგირთი მუხლი შინაარსობრივად არის იგივე, მაგრამ განსხვავდება გარკვეული პასაჟებით ანუ არის განსხვავებულად ნათარგმნი.
ლიტურგიკული ერთეულების შედარებისას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმას, თუ ანტონისეული რედაქციის რომელ ელემენტს მოეძებნება გიორგი მთაწმინდელის კრებულში სტრუქტურული ანალოგები. მუხლების შედარებისას ჩანს, რომ „სადღესასწაულოს 15 ლიტურგიკული ერთეულიდან „თუენში“ მოცემულია 5, ანალოგიების სტრუქტურა იქნება შემდეგი სახის:
1) უფალო ღაღად-ვჰყავსა ზედა დასდებელი- უფალო ღაღადყავსა, სტიქარონნი;
4) სტიქარონსა ზედა დასდებელი- სტიქარონნი ( „თუენის“ ბოლოში დართული);
5) ტროპარი- ოხითანი
10) საცისკრო გალობები (გალობა 1, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9)- ემთხვევა გიორგისეულ საცისკრო გალობებს
11) წარდგომა (წერია გალობა 3- ის შემდეგ)- წარდგომა (წერია პირველ გალობამდე);
14) აქებდითსა ზედა დასდებელი- სტიქარონნი ( „თუენის“ ბოლოში დართული);
ლიტურგიკულად მნიშვნელოვანია, თუ როგორ იცვლებოდა კალენდრული მონაცემები. „თუენსა“ და „სადღესასწაულოს“ კალენდრული მახასიათებლები იდენტური ვერ იქნება თავად კრებულთა შინაარსიდან გამომდინარე. „სადღესასწაულოში“ გამოტოვებულია ზოგიერთი დღე. ამასთან ერთად, სხვაობა შეიძლება გულისხმობდეს ერთი წმინდანის ხსენების გადატანას მეორე დღეს (სხვადასხვა გარემოებიდან გამომდინარე), ასევე ცვლილებას განაპირობებს ახლადშერაცხილი წმიდანების ხსენების შეტანა საეკლესიო კალენდარსა და, შესაბამისად, საღვთისმსახურო წიგნებშიც. გიორგი მთაწმინდელისა და ანტონ კათალიკოსის რედაქციების კალენდრული შედარების შედეგად ცვლილება სამივე კომპონენტითაა გამოხატული.
სექტემბერი
|
თუენი
|
სადღესასწაულო
|
1
|
გჳრგჳნი წელიწადისაჲ (დაწყებაჲ ინდიკტიონისაჲ);
წმიდისა სჳმეონისნი;
40 ქალწულთაჲ და ამონა დიაკონისა;
ისო ძისა ნავესი
|
დაწყება ინდიკტიონისა;
ღირსისა სიმეონ მესვეტისა და დედისა მისისა მართასი;
კრება ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისა, რომელი იყო მასიანეს;
წმიდისა მოწამისა აითალასი;
წმიდათა 40 მოწამეთა დედათა, წმიდისა ამმონა დიაკონისა და მოძღურისა მათისა;
წმიდათა მოწამეთა კალისტე, ევვოდო და ერმოგენისი და მოყვასთა მათთა;
მართლისა ისოსი ძისა ნავესი
|
2
|
წმიდისა მოწამისა მამაჲსი;
წმიდისა იოვანე მმარხველისაჲ;
|
—――
|
3
|
წმიდისა მღდელმოწამისა ანთიმოჲისი;
წმიდისა თეოკტისტესი
|
―――
|
4
|
წმიდისა ბაბილაჲსი;
წინაჲსწარმეტყუელისა მოსესი
|
―――
|
5
|
წმიდისა წინაჲსწარმეყუელისა ზაქარიაჲსი, მამისა წმიდისა იოვანე ნათლისმცემელისაჲ;
აჰრონ მღდელისაჲ
|
―――
|
6
|
დიდებულისა მიქაელ მთავარანგელოზისაჲ ხონას;
წმმიდისა მოწამისა ევდუქსიოჲსი
|
―――
|
7
|
წინადღე ღმრთისმშობელისა შობისაჲ;
წმიდისა სოზონისი
|
წინადღესასწაული შობისა ყოვლადწმიდისა ღმრთის- მშობელისა;
წმიდისა მოწამისა სოზონისი
|
8
|
შობაჲ წმიდისა ღვთისმშობელისაჲ;
|
შობა ყოვლად წმიდისა ღვთისმშობელისა და მარადის ქალწულისა მარიამისა
|
9
|
წმიდათა და მართალთა იოვაკიმ და ანნაჲსნი;
წმიდისა მოწამისა სევერიანესი;
|
წმიდათა და მართალთა მშობელთა ღმრთისათა იოაკიმ და ანნასი;
წმიდისა მოწამისა სევერიანესი
|
10
|
წმიდისა მონაზონ მოწამისა ვარიფსავაჲსი;
წმიდათა სამთა ქალწულთაჲ: მინადორა, მიტროდორა და ნიმფოდორაჲსი
|
წმიდათა მოწამეთა მინადორა, მიტრადორა და ნიმფოდორასი
|
11
|
წმიდისა დედისა თეოდორაჲსი;
|
―――
|
12
|
წმიდისა ავტონომოს იტალიელ ეპისკოპოსისაჲ;
წმიდისა მღდელთმოწამისა კურნილიე ასისთავისაჲ
|
წმიდისა მღვდელმოწამისა ავტონომესი
|
13
|
სატფურებაჲ წმიდისა ქრისტეს აღსადგომელისაჲ
|
განახლებისა ტაძრისა ჭმიდისა ქრისტეს ღმრთისა ჩვენისა აღსადგომელისა;
წინადღესასწაული ამაღლებისა პატიოსნისა და ცხოველს- მყოფელისა ჯვარისა;
წმიდისა მღვდელმოწამისა კორნილიე ასისთავისა;
წმიდისა დიდისა მოწამისა, საქართუჱლოს მნათობისა დედოფლისა ქეთავანისა
|
14
|
ამაღლებაჲ პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა ჯუარისაჲ;
წმიდისა იოვანე ოქროპირისაჲ
|
მსოფლიო აღმართება პატიოსნისა და ცხოველს- მყოფელისა ჯვარისა;
მიცვალება წმიდათა შორის მამისა ჩვენისა იოანე ოქრო- პირისა, კონსტანტინეპოლელ არხიეპისკოპოსისა;
|
15
|
თუალთა ახილვაჲ წმიდისა პავლე მოციქულისაჲ;
წმიდისა მოწამისა ნიკიტაჲსი
|
წმიდისა დიდისა მოწამისა ნიკიტასი;
ღირსისა მამისა ჩვენისა აბბა იოსებისა ათორმეტთაგანისა
|
16
|
წმიდისა და დიდებულისა მოწამისა ევფიმიაჲსი
|
წმიდისა დიდისა მოწამისა ევფემია ყოვლად ქებულისა
|
17
|
სოფიაჲსი და ასულთა მისთაჲ
|
წმიდისა მოწამისა სოფიასი და სამთაასულთა მისთა, პისტი, ელპიდი და აღაპიასი
|
18
|
წმიდისა სჳმეონ მოციქულისაჲ;
წმიდისა ევმენი მთავარეპისკოპოსისაჲ
|
ღირსისა მამისა ჩვენისა ევმენი გორტინელ ეპისკოპოსისა საკვირველთმოქმედისა;
წმიდათა დიდთა მოწამეთა მთავართა, ბიძინას და ორთა ძმათა ერის- თავთა ქსნისათა, ელისბარისა და შალვასი
|
19
|
წმიდათა მოწამეთაჲ ტროფიმე, დორიმედონ და სავატისი
|
წმიდათა მოწამეთა ტროფიმე, სავვატი და დორიმენდოსი
|
20
|
წმიდისა და დიდებულისა მოწამისა ევსტათისი
|
წმიდისა დიდისა მოწამისა ევსტათისი და სახლეულთა მისთა
|
21
|
წმიდისა იონა წინაჲსწარმეტყუელისა და წმიდისა იონა ხუცეს მონაზონისაჲ, რომელი იყო მოძღუარი თეოფანე გამომეტყუელისაჲ;
წმიდა კოდრატო მოციქულისაჲ
|
წმიდისა მოციქულისა კონდრატესი, რომელი იყო მაღნისიას
|
22
|
წმიდისა მღდელმოწამისა ფოკაჲსი;
|
―――
|
23
|
ზაქარიაჲს დადუმებაჲ
|
მუცლადღება პატიოსნისა დიდებულისა, წინასწარ- მეტყველისა, წინამორბედისა და ნათლისმცემელისა იოანესი
|
24
|
წმიდისა და დიდებულისა პირველმოწამისა თეკლაჲსი
|
წმიდისა პირველ- მოწამისა და მოციქულთა სწორისა თეკლასი
|
25
|
წმიდათა მოწამეთა საბიანე, პავლე და ტატტისი;
წმიდისა ევფროსინესი და პაფნოტისი
|
―――
|
26
|
მიცვალებაჲ წმიდისა და ყოვლად ქებულისა მახარებელისა და ღმრთისმეტყუელისა იოვანესი
|
მიცვალება წმიდისა მოციქულისა და მახარებელისა იოანე ღმრთის- მეტყველისა
|
27
|
წმიდისა კალისტრატესი და მოყუასთა მისთაჲ
|
―――
|
28
|
წმიდისა მამისა ჩუენისა ხარიტონ აღმსაარებელისაჲ
|
ღირსისა მამისა ჩვენისა და აღმსარებელისა ხარიტონის
|
29
|
წმიდისა კვირიაკოჲსი
|
―――
|
30
|
წმიდისა გრიგოლი პართეველისაჲ;
წმიდისა მოწამისა რიფსიმესი
|
წმიდისა მღუდელმოწამისა გრიგორისა, დიდისა სომხითის ეპისკოპოსისა
|
კვლევის ამ ეტაპზე დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ ანტონის შედგენილი „სადღესასწაულო“ შეიცავს გიორგი მთაწმინდელის „თუენის“ მასალას, მაგრამ არ მისდევს მის სტრუქტურას და ზოგ შემთხვევაში განსხვავებულია თარგმნის თვალსაზრისით. ლიტურგიკული ელემენტების შედარების შედეგად შესაძლებელია, იმ აკოლოთიების რეკონსტრუქცია (ნაწილობრივი), რომლებიც არ გვხვდება ანტონთან და მოცემული გვაქვს გიორგი მთაწმინდელთან. კვლევის შემდეგ ეტაპად შეგვიძლია განვიხილოთ მოცემული ორი კრებულის ტექსტობრივი მხარეები, ის ფაქტორები, რომლებიც განაპირობებს როგორც იდენტურობას ერთ შემთხვევაში, ასევე განსხვავებას ზოგი მუხლის შინაარსსა და მოცემულობებში.
გამოყენებული ლიტერატურა:
კეკელიძე კ. 1957. ეტიუდები ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიიდან. ტომი IV. თბილისი.
კეკელიძე კ. 1980. ძველი ქართული ლიტერატურის ისტორია. ტომი. I. თბილისი.
კეკელიძე კ.1991. ანტონ კათალიკოზის სალიტურგიკო მოღვაწეობიდგან. „საღვთისმეტყველო კრებული“. თბილისი.
ჯღამაია ც.1966. XI საუკუნის ქართული ჰიმნოგრაფიის ისტორიიდან (გიორგი მთაწმიდლის „თუენი“ ). თბილისი.
ჯღამაია ც. 2007. გიორგი მთაწმიდელის ”თვენი” (სექტემბერი). თბილისი.